თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსეთმა ხელი მოაწერა შვეიცარიულ მხარესთან ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმებითაა გათვალისწინებული, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო და რუსეთმა შეთანხმებას ხელი 2011 წლის 9 ნოემბერს მოაწერეს. როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ხელშეკრულება გულისხმობს სავაჭრო დერეფნების შექმნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, რომელსაც ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს.
„18 მაისს შედგა ხელმოწერა შეთანხმების რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ საბჭოს შორის, რომელიც რუსეთის და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რეალიზაციას გულისხმობს. 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება მოიცავს სატრასტო ფონდის დაარსებას, რუსეთის მთავრობას და კომპანია SGS Société Générale de Surveillance SA-ს შორის სახელმწიფო კონტრაქტს. რუსეთის მხრიდან ორივე დოკუმენტს ხელი მოაწერა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსმა ბულავინმა“, — ნათქვამია განცხადებაში.
ჯერ კიდევ 2018 წლის იანვრის ბოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმებამ „ნათელი მოჰფინა" საკითხს იმის თაობაზე, თუ სად გადის ქართული მხარის საბაჟო საზღვრები. საბაჟო საზღვრებში კარასინმა იგულისხმა „ყაზბეგის რაიონი რუსეთის საზღვართან, ადგილი მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც აფხაზეთის ტერიტორია იწყება) და გორის შემოგარენი".
საქართველოში თავის მხრივ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებთან საბაჟო საზღვრებზე საუბარი არ არის.
ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოხსნა ვეტო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.
არჩევანი შეჩერდა შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე, რომელთანაც შეთანხმების ხელმოწერიდან ექვსი წლის შემდეგ საქართველომ კონტრაქტი გააფორმა. რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა კონტრაქტის ხელმოწერას ჯერჯერობით არ ჩქარობს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, SGS-თან ხელშეკრულება ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვას რუსეთში თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ცხინვალის რეგიონის გავლით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ გზაზე საგანგებო მდგომარეობა შეიქმნება.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.