თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო კვირის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში ცხრა ე.წ. „თურქულ ბარსა“ და ხუთ რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე მხილებულ იქნენ ახალციხესა და ახალქალაქში მდებარე ბარებისა და რესტორნების დროებითი მფლობელები — სულ 11 პირი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ობიექტებზე დასაქმებული 63 ქალი პოლიციაში მოწმის სახით გამოიკითხა.
„დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები ქალაქ ახალციხეში და ახალქალაქში დროებით მფლობელობაში არსებულ ფართებს გასამრჯელოს სანაცვლოდ ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. ისინი, ასევე აღნიშნულ „თურქულ ბარებში“ მომუშავე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, სხვადსხვა ასაკის ქალბატონებს პროსტიტუციაში მოტყუებით აბამდნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.