თბილისი, 6 მაისი — Sputnik. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 51 წლის ქალბატონი ი.ქ. და 54 წლის თურქეთის მოქალაქე ფ.ი. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ქ. და ფ.ი. თბილისში, სასტუმროს ტიპის ერთ-ერთ დაწესებულებაში, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. ფ.ი. აღნიშნული დაწესებულების მფლობელი იყო, ხოლო ი.ქ. ადმინისტრატორად და ბარმენად მუშაობდა.
სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით 6 პირი გამოკითხეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 254-ე მუხლით, რაც პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.