ეს ირმა კუხიანიძის ხელოვნებას ეხება. მხატვარს ოთხი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. მისი ნამუშევრები ბოლოს იტალიაში გამოიფინა.
– ქალბატონო ირმა, როცა თქვენს ნახატებს აკვირდები, და თანაც ამ ხმაურიანი დღეებიდან, უნებურად მშვიდდები…
— ჩემ ნახატებზე ვერ ვისაუბრებ, მათ არასოდეს ვასათაურებ, იმიტომ რომ ყველამ ისე უნდა წაიკითხოს, როგორც მას ხედავს და გრძნობს. ეს ყველაფერი ჩემ გონებაში და ქვეცნობიერშია დალექილი და ალბათ ბავშვობიდან მომყვება… იქიდან რაღაც მახსოვს, რაღაც არა. ისე, პატარაობის დროს ალბათ ყველა ხატავდა და მეც ვხატავდი. როგორც მეუბნებიან, მშვიდი ბავშვი ვიყავი და თურმე მარტოობა მიყვარდა. როცა ვხატავდი და ვძერწავდი, ყველაზე კარგად იმ დროს ვგრძნობდი თავს. სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, მანამდე ქუთაისში სამხატვრო სკოლაში ვისწავლე.
– თქვენ ნახატებში ხშირ შემთხვევაში აქცენტი ბროწეულზეა, შეგიძლიათ აგვიხსნათ რატომ?
— ბროწეული სასწაულია ჩემთვის. ეს საიდან მოვიდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ბროწეული მიყვარს და მართალია, რომ ჩემ ნახატებში მას გარკვეული დატვირთვა აქვს. გვიანი ბროწეული მომწონს, ბროწეულის ყვავილიც მომწონს, მისი გემოც და ფერიც მომწონს. ბროწეულის ხეზეც ვგიჟდები. მას ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირი დატვირთვა ჰქონია. ზოგან გამრავლებას ნიშნავს, ზოგ ქვეყანაში ბრძოლაში გამარჯვების აღმნიშვნელია.
– მე გოგლა ლეონიძის „ნატვრის ხე“ მახსენდება — მარიტას შედარება ბროწეულის ყვავილთან.
— დიახ, მართალია, ჩვენთან უფრო სილამაზესთან ასოცირდება და ხვავის და ბარაქის სიმბოლოცაა. მე ბროწეულს არა მარტო ვხატავ, მას ხისგან და ცივი ფაიფურისგანაც ვაკეთებ. ჩემ ნახატებში სახლსაც აქვს დატვირთვა, ის ბროწეულშიც მაქვს გამოსახული, კიდევ ნავში, ერთ ნახატში სახლი ქალის ხელშიცაა დახატული, იმიტომ რომ ჩემთვის სახლი ყველაფერია, ეს ჩემი ოჯახი და თავშესაფარია. თუმცა, ასეა ზოგადად ყველა ქალისთვის, ალბათ კაცისთვისაც…
– თქვენ იტალიაში ჯგუფურ გამოფენაში მიიღეთ მონაწილეობა, რა მოგონება დაგრჩათ იქიდან?
— იტალიაში გამოფენა ქალაქ ჩეკანოში, საგრაფო ციხე-სიმაგრეში გაიმართა. გამოფენას „ალტერნატიული კედლები“ ერქვა. იქ ათი დღე ვიყავით, უჩვეულო გარემო იყო. დამთვალიერებლები იტალიელები იყვნენ და განსაკუთრებით მხატვრისთვის ეს საოცარი სიტუაციაა. იტალია ყველა ხელოვანში იწვევს დიდ ემოციას და მეც განუმეორებელი მოგონებები დამიტოვა. ვხატავ ძალიან ბევრს და ყოველ დღე, ზოგჯერ დღისით, ზოგჯერ დღის ბოლოს. შეიძლება ტილოზე არ ვხატავდე, მაგრამ თვალი მთელი დღე მუშაობს და გონებაში ჩანახატს ვაკეთებ.
– ხელოვნება რაში და როგორ გეხმარებათ?
— არ ვიცი… ალბათ ბედნიერების განცდაში მეხმარება. ყველაზე კარგად მაშინ ვარ, როცა ვმუშაობ – საერთოდ ყველაფერი მავიწყდება, რაც კი დედამიწაზე არსებობს. იმ დროს ჩემ სამყაროში ვარ. რა ვიცი, ხელოვნება ალბათ სხვანაირად მოქმედებს ადამიანზე და ესაა მისი დანიშნულება…