თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შორის გამართულ შეხვედრაზე ორი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, რომლებიც ნარკოპოლიტიკისა და 12 მაისის მოვლენების საკითხებს შეისწავლიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრი გახარია, უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ღამის კლუბების მფლობელები და „თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრები. შეხვედრას, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა.
უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია შაბათს დაიწყო, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ.
აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილთ ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.
„შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, რომელთაგან ერთი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმუშავებს. თქვენ იცით, რომ სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით სერიოზული ფორმატი აქვს და, ასე ვთქვათ, იგი იქნება ხიდი, რომლის დახმარებითაც ჩვენ ჩვენს კოლეგებს მოვუსმენთ და დროულად შევძლებთ არსებული კითხვის ნიშნების დახურვას. მეორე კი იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებებზე, რომელიც უფრო მეტად ომბუდსმენის ოფისში იქნება დელეგირებული", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველები, რომლებიც კლუბებში შევიდნენ, სამხრე კამერებით იყვნენ აღჭურვილი, რომლებზეც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადაცდომის შესახებ არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი არ დაფიქსირებულა. უწყება მზად არის სახალხო დამცველის აპარატს გადასცეს ვიდეომასალა.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 48 ადამიანი გადაიყვანეს საავამდყოფოში, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იყო განეხორციელებინა ეს ნაბიჯები", — განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ თანამშრომლობის ფორმატი არ გაამართლებს, ისინი ისევ აქციაზე გადაინაცვლებენ. წიქარიშვილის განცხადებით, ისინი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.
„დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არც ერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპრომისი, თუმცა, საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება. ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით", — განმარტა წიქარიშვილმა.
რაც შეეხება შემდგომ ქმედებებს, „კლუბური აქციის" ორგანიზატორებმა მთავრობას დაპირებების შესასრულებლად ვადა ერთი კვირა მისცეს და აქცია ამ ერთი კვირის ვადით შეწყვიტეს.
ამის პარალელურად ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები, რომლებმაც გუშინ კონტრაქცია გამართეს, პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. ორშაბათს, 18:00 საათზე მოძრაობა „ეროვნული ძალების გაერთიანების" მომხრეები ფილარმონიასთან შეკრებას და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.