თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ნარკორეალიზაციის ფაქტზე რვა პირი დააკავეს სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც თბილისში 11 მაისის ღამეს ჩატარდა. ერთ-ერთი ბრალდებული კლუბ „გალერის“ დაცვის წევრი აღმოჩნდა.
წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, ხოლო ბ. დ.-ს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა გასული რამდენიმე თვის მანძილზე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები სხვადასხვა დროსა და ადგილზე უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა პირზე თბილისში მდებარე კლუბებსა და სხვა ტერიტორიაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულთა ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ. ისინი უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას და ოპერატიულ მასალებზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, არც ერთ დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონდა.
განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 7-დან 14 წლამდე, ხოლო ერთ მათგანს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სასამართლოს განჩინების თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმის გარემოებების სრულად გარკვევაში ხელის შეშლის საფრთხეები. ამდენად სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 ივლისს გაიმართება.