თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ სოლიდარობის აქციაზე, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული, სამი ადამიანი დააკავეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია 12 მაისს, 01:00 საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში – „ბასიანი“, „გალერი“, „ხიდი“, „მტკვარი“ და „როკიტი“ – ჩაატარა.
შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რვა გამსაღებელი პირია დაკავებული, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.
სხვადასხვა ვერსიით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 20-დან 70-მდე ადამიანი დააკავეს კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციაზე, რომელიც სპეცოპერაციის შემდეგ ჩატარდა.
გუშინ განვითარებული მოვლენების წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „თეთრი ხმაურის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ზურაბ ჯაფარიძე: ამწიეს ჰაერში, გამაქანეს და სამი საათი გავატარე პოლიციაში>>>
როგორც ბათუმში აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი თანამოაზრეები მშვიდობიანი მსვლელობისას უსამართლოდ დააკავეს. ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ.
თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში.