თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის შეეგებით, ძიუდოისტები და ჩინოვნიკები ვერ შეთანხმდნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ყრილობის დღის წესრიგში ორი საკითხი იდგა: ძიუდოს ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომა და არსებული სიტუაციის განხილვა.
სხდომის დაწყებამდე პატარა ინციდენტი მოხდა, რადგან საქართველოს ნაკრების წარმომადგენლების შეშვება შეკრება არ უნდოდათ. ვითარება დაიძაბა და შედეგად რამდენიმე სპორტსმენმა დარბაზში, სადაც ყრილობა იმართებოდა, შესვლა მოახერხა; თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ მათ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დარბაზის დატოვებისთანავე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა, სხვა ძიუდოისტებთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა Imedi–ს პირდაპირ ეთერში.
ვარლამ ლიპარტელიანმა საჯაროდ დაუსვა კითხვები დავით ქევხიშვილს ფედერაციაში დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით. ძიუდოისტები ფინანსების გამჭვირვალობას ითხოვენ და ამბობენ, რომ ამ დაპირისპირებას პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანენ.
„ქევხიშვილმა არაერთხელ აარიდა თავი ჩვენთან შეხვედრას, თუმცა საჯაროდ ყოველთვის ამბობდა, რომ ამისთვის მზად იყო. სად წავიდა ის თანხა, რომელიც სპორტსმენების მიერ მოპოვებული ლიცენზიით, 85 ათასი ლარი ფედერაციას ჩაერიცხა თითო სპორტსმენზე? სად მიდის მწვრთნელების სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული ხელფასებიდან 10%?“, – განაცხადეს ძიუდოისტებმა.
ამასთან, სპორტსმენებს აინტერესებთ, რატომ იღებს ქევხიშვილი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ მწვრთნელის მოხსნა–დანიშვნასთან დაკავშირებით, ლიპარტელიანის განცხადებით, ეს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის ღია სხდომებზე უნდა ხდებოდეს.
ლიპარტელიანი ასევე შეეხო თემას, რომ, ქევხიშვილის თქმით, ძიუდოისტების უკან რაღაც ძალა დგას, რომელიც მათ მართავს. ნაკრების კაპიტანმა სრულად უარყო ეს ვარაუდი და ქევხიშვილს მოუწოდა, ღიად დაასახელოს იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც, მისი თქმით, ძიუდოისტების უკან დგანან.
ლიპარტელიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მანამდე, სანამ ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტზე იქნება, ეროვნული ნაკრების წევრები არ დაიწყებენ ვარჯიშს და ყველა შეჯიბრებას ბოიკოტს გამოუცხადებენ.
ქევხიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, ძიუდოისტებს არ დაუსვამთ ის შეკითხვები, რაზეც პასუხი უნდა მიეღოთ და ძიუდოისტების ნაწილის მოთხოვნა თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ, მისთვის საკმარისი არგუმენტი არ არის.
ანალოგიური პოზიცია გამოთქვა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა. ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ქევხიშვილი თანამდებობაზე უნდა დარჩეს.
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც თელ–ავივში ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები, 1992 წლის შემდეგ პირველად, უმედლოდ ჩამოვიდნენ. გუნდის თბილისში დაბრუნებისთანავე მწვრნელთა შტაბი ირაკლი ცირეკიძის ხელმძღვანელობით გადააყენეს.