თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები და გულშემატკივრები ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
სპორტსმენების განცხადებით, დღეს, 16:00 საათზე მათ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უნდა შეხვდეს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა. მისი სიტყვებით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
„ყველამ უნდა მიიღოს მხედველობაში წესდება და შეასრულოს თავისი მოვალეობები. ჩვენ შეხვედრებს გავმართავთ ორივე მხარესთან, მოვისმენთ მათ პოზიციებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ფედერაცია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. უკეთესი იქნებოდა, ყველა საკითხი „ოჯახის" შიგნით გადაჭრილიყო", — აღნიშნა ყაველაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ეროვნული გუნდის სახელით განცხადება გააკეთა, რომელშიც ითქვა, რომ ძიუდოისტები წყვეტენ ვარჯიშს და არ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.
ქევხიშვილმა ძიუდოისტების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 26-28 მარტს თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრები მედლების გარეშე დაბრუნდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.
10 მაისს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, რომელზეც მოისმენენ ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშს და მიმდინარე პროცესებს განიხილავენ.