რომელი ქვეყნებიდან შეგიძლიათ „ევროვიზია 2018"-ზე ხმა მისცეთ „ირიაოს"

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში"ირიაო" "ევროვიზიაზე"
ირიაო ევროვიზიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. დღეს სიმღერის კონკურსის „ევროვიზია 2018" მეორე ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი "ირიაო" წარდგება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

Iriao - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2018": ჯგუფი „ირიაო" ლისაბონში გაემგზავრა

ქართული ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო" კონკურსზე გამოვა სიმღერით „შენი გულისთვის". სიმღერა ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ვირტუოზულ ნაზავს წარმოადგენს. ის კომპოზიტორმა და ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მალაზონიამ დაწერა. არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორია ირინე სანიკიძე.

წელს „ევროვიზია" პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პირველად ტარდება. ეს სალვადორ სობრალის გამარჯვების წყალობით მოხდა შარშანდელ კონკურსზე, რომელიც კიევში ჩატარდა. წელს კონკურსში 43 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

კონკურსის მეორე ნახევარფინალში მსმენელის წინაშე 18 კონკურსანტი წარდგება. მათგან საუკეთესო ათეული შეირჩევა, რომელიც ფინალში იმღერებს.

„ევროვიზიის" წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია. შესაბამისად, „ირიაოსთვის" ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ავსტრალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ლატვია, შვედეთი, მონტენეგრო, სლოვენია, ნორვეგია, რუმინეთი, სერბეთი, სან–მარინო, დანია, რუსეთი, მოლდოვა და უკრაინა. თუ ამ ქვეყნებში იმყოფებით, უნდა გადართოთ ამ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე და საქართველოსთვის ხმის მისაცემად ეკრანზე მითითებულ ნომერზე დარეკოთ ან გაგზავნოთ "ირიაოს" გამოსვლის ნომერი – 10.

საქართველოდან სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემას კი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე "ევროვიზია 2018“-ის პირდაპირი ტრანსლირებისას ეკრანზე მითითებული შესაბამისი ნომრების საშუალებით შეძლებს.

საქართველოს მოსახლეობას ხმის მიცემა „ევროვიზია 2018"-ის ფინალურ კონცერტზეც შეუძლია.

მუსიკალური კონკურსის წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადადის, სადაც მათ უერთდებიან დიდი ხუთეულის ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, პორტუგალია.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.

„ევროვიზია 2018"-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0