ცესკომ შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

გამოწერა
გივი ჭიჭინაძის მთავარი კონკურენტი გიგი უგულავა იყო, რომელმაც ხმების 38,38% მოაგროვა.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 აპრილს ჩატარებული შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

№54 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: გივი ჭიჭინაძეს ხმა ამომრჩეველთა თითქმის 58%-მა მისცა

ცესკოს მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ  მოიპოვა (57,86%). შესაბამისად, ჭიჭინაძე არჩეულია საქართველოს პარლამენტის წევრად და მისი უფლებამოსილება პარლამენტმა უახლოეს სესიის სხდომაზე უნდა აღიაროს.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

№2 გიორგი უგულავა — „ბაქრაძე, უგულავა — ევროპული საქართველო“ — 10 417 ხმა (38,38%);

№17 გიორგი ლილუაშვილი — „საქართველო“ — 124 (0,46%);

№21 ზურაბ ქართველიშვილი — „ტრადიციონალისტები“ — 60 (0,22%);

№23 მამუკა ტუსკაძე — „ახალი ქრისტიან–დემოკრატები“ — 399 (1,47%);

№41 გივი ჭიჭინაძე — „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო” — 15 705 (57,86%);

№42 ვასილ კოპალიანი — დამოუკიდებელი — 438 (1,61%).

შუალედურ არჩევნებს ათმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტულმა პარტიამ, კახა კუკავას პარტიამ „თავისუფალი საქართველო“, ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“, იუსტიციის ყოფილი მინისტრის გიორგი ვაშაძის პარტიამ „ახალი საქართველო“ და სხვ.

უარის მიზეზად დასახელდა უთანასწორო საარჩევნო გარემო, არათანაბარი ფინანსური რესურსები, საარჩევნო კომისიების ფორმირების პრინციპი, სადაც ადგილების უმრავლესობას მმართველი პარტიის წევრები იკავებენ, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

საქართველოს პარლამენტში, რომელიც 150 დეპუტატისგანაა დაკომპლექტებული, საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0