თბილისი, 9 мая — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონის 12 საბავშვო ბაღში სასმელი წყლის ბაქტერიული დაბინძურების გამო სასმელი წყლის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მონაცემებით, წყალში ინფექციური დაავადების გამომწვევი არ აღმოჩენილა. თუმცა ბავშვებისთვის საჭმელი ანადუღარ წყალზე მზადდება.
ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ დაბინძურება წყალგაყვანილობის მილების სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.
საბავშვო ბაღში სასმელის წყლის დაბინძურება ახლახან თბილისშიც დაფიქსირდა. თბილისის №15 საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდა. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის სპეციალისტები დაუყოვნებლივ გამოიძახა, რომლებმაც წყლის გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს და ბაქტერიული კვლევისთვის ნიმუშები აიღეს. კვლევის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.