დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

© Depositphotos.com / Alebloshkaპირველკლასელები
პირველკლასელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველკლასელთა რეგისტრაცია საქართველოს საჯარო სკოლებში სამ ეტაპად ტარდება

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისს, 09:00 საათზე დაიწყო და 8 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პირველკლასელთა რეგისტრაცია საქართველოს საჯარო სკოლებში სამ ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10-27 აპრილის პერიოდში განხორციელდა და ხელმისაწვდომი იყო იმ ბავშვებისთვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაციის მესამე ეტაპი კი 2- 17 ივლისის პერიოდში განხორციელდება და უშუალოდ იმ სკოლებში ჩატარდება, სადაც თავისუფალი ადგილები იქნება.

უწყების ცნობით, საქართველოს საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (registration.emis.ge) განხორციელდება.

„გაითვალისწინეთ, მოსწავლის და მისი მშობლის შესახებ ეკრანზე გამოტანილი ყველა ველის შევსება სავალდებულოა. ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ბავშვის რეგისტრაციას",- ნათქვამია განცხადებაში.

საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყება

მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება კი 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები დროულად არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება, შესაბამისად, წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ.

სკოლაში შემდეგი დოკუმენტების წარდგენა არის სავალდებულო: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (მისამართის და ტელეფონის ნომრის მითითებით), ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი ან სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოსწავლისთვის პირადი ნომრის მინიჭებას ადასტურებს. სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

გამოცხადებული რეგისტრაცია არ ეხება კერძო სკოლებს, საუბარია მხოლოდ იმ სასწავლო დაწესებულებაზე, სადაც სწავლა სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0