თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე ვეტერანებისთვის ახალი საგადასახადო შეღავათები დაწესდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს მოქალაქე ვეტერანებისთვის საგადასახადო შეღავათების დასაწესებლად შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის ავტორი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურია, ინიციატორი კი — საქართველოს მთავრობა.
დღეს მოქმედი „საგადასახადო კოდექსის" მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.
ცვლილებების მიხედვით, დადგენილი შეღავათი საქართველოს მოქალაქე იმ ვეტერანებზეც გავრცელდება, რომლებიც სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას და რომელთა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდეა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვეტერანთა 70% დაუსაქმებელია, 30% სოციალურად დაუცველია, ხოლო საგადასახადო შეღავათი წარმოადგენს დასაქმებისთვის ხელის შემწყობ გარემოებას, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეებისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესებას, რითიც მოხდება მათი უფლებრივი მდგომარეობის გათანაბრება შეღავათით მოსარგებლე სხვა კატეგორიის ვეტერანებთან", — ნათქვამია კანონპროექტში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე 3128 პირია რეგისტრირებული. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით კი, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების 873 ვეტერანი დასაქმებულია.