თბილისი, 5 მაისი — Sputnik. თბილისში, ვაკის პარკში საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ძიუდოისტებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხის გამო, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.
ქართველი ძიუდოისტების პროტესტი მეორე დღეა გრძელდება. სპორტსმენები ქევხიშვილის გადადგომას, უკეთეს პირობებს ვარჯიშისთვის და უკეთეს მწვრთნელებს მოითხოვენ.
მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ორშაბათს ძიუდოს ფედერაციასთან აქციას გამართავენ და გულშემატკივრებსაც მოუწოდებენ დემონსტრაციაზე მოსვლისკენ.
სპორტსმენ ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტები წყვეტენ ვარჯიშს და არ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს.
ქევხიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.
„ყველა საკითხში, რომელზეც ისინი საუბრობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს. ჩემი მხრიდან, მათთან მიმართებაში მხოლოდ გვერდში დგომა და პატივისცემა იყო გამოხატული. კარგია, რომ გაირჩეს მტყუან-მართალი და კონკრეტული ფაქტები მითხრან, რაში ვუშლიდი ხელს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ”, — განაცხადა ქევხიშვილმა.
ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად 10 მაისს, 12:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე მოისმენენ ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშს და მიმდინარე პროცესებს განიხილავენ.
დავით ქევხიშვილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია 2012 წლის 10 დეკემბრიდან. ის გასულ წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სიაში ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.