თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი და სხვა ქართველი რეჟისორები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაზუსტების შეტანას მოითხოვენ, რომელიც სპექტაკლებში სიგარეტის როგორც შემოქმედებითი პროცესის ნაწილის გამოყენების საშუალებას მისცემთ.
კანონი მოქმედებს: თამბაქოს მოწევისთვის კიდევ ერთი პირი დაჯარიმდა >>
შესაბამისი კანონმდებლობა საქართველოში 1 მაისს ამოქმედდა. მოწევა აიკრძალა ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. გამონაკლისს შეადგენს ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, ასევე ციხეები და ფსიქიატრიული კლინიკები.
„კანონში ასეთი ჩანაწერის არარსებობა მოულოდნელი იყო, რადგან როცა ამ ყველაფერს კანონპროექტის სახე ჰქონდა, იქ შემოქმედებითი ნაწილი დაზღვეული იყო, როგორც თეატრალური წარმოდგენის, ისე კინოსი. კანონის ამოქმედებისას ჩვენ აღარ მივადევნეთ თვალი დამტკიცებას. დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ პროექტში რადგან ეს იდო, მაცნეშიც ასე გამოქვეყნდებოდა. თუმცა ის ჩანაწერი უკვე ამოღებულია“, — აცხადებს ღვთისიაშვილი.
რეჟისორმა აღნიშნა, რომ ევროპის ძალიან ბევრი თეატრების სპექტაკლები უნახავს, სადაც მსახიობები სცენაზე ეწევიან და ეს პრობლემას არ ქმნის, მაშინ როცა ქვეყანაში პრაქტიკულად არსად არ შეიძლება მოწევა.
პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი, ნუკრი ქანთარია აღნიშნულს ტექნიკურ ხარვეზს უწოდებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ამ ხარვეზის გამოსწორების ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს.
ცვლილებების კრიტიკით აგრეთვე გამოვიდა ცნობილი ქართველი კონომცოდნე გოგი გვახარია.
„კინოში თამბაქოს ჩვენების აკრძალვა რა სისულელეა? ძველ ქართულ ფილმებს რას უპირებთ?.. დაიმახსოვრეთ, შემოქმედებით პროცესში ჩარევა არის დანაშაული, რომლისთვისაც ყოველთვის, ყველა ეპოქაში მოეკითხებოდა ხოლმე ცენზორს“, — განაცხადა გვახარიამ.
კინომცოდნემ ასევე აღნიშნა, რომ ცენზურა ყოველთვის იმით იმართლებს თავს, რომ ადამიანთა ზნეობისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნავს.