თბილისი, 2 მაისი — Sputnik. მას შემდეგ, რაც საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა, პოლიციაში კანონის დარღვევის თაობაზე 12 შეტყობინება შევიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2017 წლის მაისში დაამტკიცა. მოწევა ნებადართულია მხოლოდ ქუჩაში, საკუთარ სახლში, სამორინეში, ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდებსა და ტერასებზე. ბარ-რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აიკრძალა.
„მიმდინარე წლის პირველი მაისის 07:00 საათიდან 2 მაისის 07:00 საათამდე, აღნიშნული კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციაში სულ 12 შეტყობინება შემოვიდა. საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა, გაფორმდა 3 საჯარიმო ოქმი და დაჯარიმდა 3 მოქალაქე“, — აღნიშნეს შსს-ს პრესსამსახურში.
უწყებაში განმარტეს, რომ 12 შეტყობინებიდან კანონდარღვევის 9 ფაქტი არ დადასტურდა.
მოწევასთან ბრძოლა საქართველოში: გაერო კმაყოფილია >>
1 მაისიდან იკრძალება სიგარეტის, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ან განლაგება შემდეგ ადგილებში:
საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან);
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;
საჯარო დაწესებულებაში — ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება.
2020 წლის იანვრიდან კი უფრო მკაცრი ნორმები ამოქმედდება — მოწევა ღია სტადიონებსა და სასტუმროს ყველა ნომერში აიკრძალება.
ხოლო 2018 წლის სექტემბრიდან სიგარეტი გაიყიდება ახალი კოლოფებით, რომლებზეც მოწევის მავნებლობის შესახებ წარწერის მოცულობა 30%-დან 65%-მდე გაიზრდება.
2018 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში მწეველთა რაოდენობა 33%-ს შეადგენს.