თბილისი, 5 მაისი — Sputnik. უწყებათაშორისი კომისიის სხდომით დაიწყო მუშაობა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს აგრესიული PR-კომპანია სკოლებსა და უმაღლესებს მოიცავს >>
საქართველოს თავდაცვის სტრატეგიას დღეისათვის განსაზღვრავს სამი ძირითადი დოკუმენტი — „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ და „საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია“. უწყებათაშორისი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავებისთვის 10 აპრილს არის მიღებული.
„დღეს პირველად შეიკრიბა უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, და ამ წლის განმავლობაში, უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდება სტრატეგია“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
მისი თქმით, უწყებათაშორისი კომისია უწყებების უკეთეს კოორდინაციას შეუწყობს ხელს.
„ამასთან კომისია ქმნის საუკეთესო პლატფორმას უწყებათაშორისი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის. წელს ჩვენ ვგეგმავთ დიდგორის სწავლებებს, სადაც ტოტალური თავდაცვის კონცეფცია მიიღებს პრაქტიკულ განხორციელებას, სადაც პოლიტიკური თანამდებობის პირები იქნებიან უშუალოდ ჩართულები სწავლებებში. ეროვნული თავდაცვის გეგმის მიხედვით თითოეული უწყების ფუნქციები იქნება მკაფიოდ განსაზღვრული“, — აღნიშნა იზორიამ.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომას, თავდაცვის მინისტრის გარდა, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შს მინიტრი გიორგი გახარია, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.
მუშაობის პროცესში კომისია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით იხელმძღვანელებს, განმარტეს სამინისტროში.