საქართველო და ისრაელი სამხედრო თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

CC0 / Pixabay / ისრაელი
ისრაელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თელ-ავივში შეხვედრებს მართავს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თელ-ავივში საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა ლევან იზორიამ და ავიგდორ ლიბერმანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იზორია ოფიციალური ვიზიტით თელ-ავივში სამშაბათს გაემგზავრა. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები თავის ისრაელელ კოლეგასთან, ასევე ეწვია ისრაელის ეროვნული უშიშროების კვლევის ინტიტუტს (INSS).

„ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების სფეროში. ჩვენ ვაყალიბებთ ასევე სამუშაო ჯგუფს, რათა ინტენსიურად შევისწავლოთ ისრაელის როგორც სამობილიზაციო, ისე რეზერვის სისტემა, მიდგომები, რომელიც ისრაელს საშუალო განათლების ფარგლებში გააჩნია სამოქალაქო თავდაცვის კუთხით", — განაცხადა იზორიამ.

ლიბერმანთან მოლაპარაკებების დროს იზორიამ კოლეგას საქართველოში თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მოლაპარაკებების შემდეგ მინისტრებმა ერთმანეთს სუვენირები აჩუქეს.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან მეირ შაბათთან, ასევე იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმის მონახულება.

ყველა ახალი ამბავი
0