ტენდერი – თბილისის მერიის თანამშრომლების სუსტი წერტილი

გამოწერა
თაღლითობის ბრალდებით დაკავებულებს სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის სამი თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლება და სამსახურებრივი გულგრილობა ედებათ ბრალად.

დაკავება - Sputnik საქართველო
სკანდალი მარტვილის მერიაში: თაღლითობის ბრალდებით რამდენიმე საჯარო მოხელე დააკავეს

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაკავებულია თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა 2017 წელს მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო (მთის კურორტი) მომსახურების შესყიდვას.

„კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა ყალბი მონაცემები შეიტანეს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში. კერძოდ, თითქოსდა 179 ათასი ლარის ღირებულების საკურორტო მომსახურება გაეწია 600 პირს, მაშინ, როდესაც გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში დაფიქსირებულ პირთა ნაწილს მომსახურება საერთოდ არ მიუღია, ხოლო ნაწილმა არასრული მოცულობით მიიღო", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გზით კომპანიის ხელმძღვანელი პირები თბილისის მერიის კუთვნილ 35 ათასამდე ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ხსენებული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს ევალებოდათ, რომლებმაც არ გადაამოწმეს საკურორტო მომსახურებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა და არ შეისწავლეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (თაღლითობა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და ასევე 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0