იპოვეთ განსხვავება „აიისას" პრეზერვატივებსა და სამ თითს შორის

© FB / aiisaპრეზერვატივი
პრეზერვატივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლემ არაეთიკურად ცნო პრეზერვატივის სარეკლამო შეფუთვა და მწარმოებელ კომპანიას მსგავსი შეფუთვის გამოყენება აუკრძალა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია „აიისას" დამფუძნებელი სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქართული კომპანია „აიისა" პრეზერვატივებს 2017 წლიდან აწარმოებს. პრეზერვატივების შეფუთვაზე შეიძლება იხილოთ, მაგალითად, თამარ მეფის, „ქართვლის დედის", პოლიტიკოსების გამოსახულებები, „ვეფხისტყაოსნის" ციტატები, ქართული უცენზურო გამონათქვამები, ასევე დამცინავ კონტექსტში გამოყენებულია რელიგიური გამონათქვამები.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ კომპანიას მსგავსი შეფუთვის გამოყენება აუკრძალა და აღნიშნა, რომ პრეზერვატივის სარეკლამო შეფუთვა არაეთიკურია. კომპანია „აიისა" სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ფირმა „აიისას“ პრეზერვატივი თამარ მეფის გამოსახულებით - Sputnik საქართველო
აქცია ლოზუნგით „თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს"

„აიისას" დამფუძნებლის ანა გაჩეჩილაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიმდინარე წლის 27 აპრილს შეადგინა და განსახილველად საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მერიის განმარტებით, პრეზერვატივ „აიისას" შეფუთვაზე დატანილი ვიზუალური მასალა არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.

თბილისის მერიამ სასამართლოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეის" განცხადების საფუძველზე მიმართა.

„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი (საჩვენებელი და შუათითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი. პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს", – წერია „ქართული იდეის" განცხადებაში, რომლითაც მერიას მიმართეს.

რატომ არ მოსწონს გიორგი ლილუაშვილს ქართული პრეზერვატივები>>>

„ქართული იდეის" ბრალდებას არ ეთანხმებოდა „აიისას" დამფუძნებელი. იგი აბსურდულს უწოდებდა მათ მოთხოვნას.

„განცხადებაში თავისი სუბიექტური აღქმები აქვს მოყვანილი. ორი თითის დიზაინზე ნათქვამი აქვს, რომ ჯვარია. არ არის ჯვარი", – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მანამდე, 20 მარტს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კომპანია „აიისას" რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დასდო ბრალი. მოგვიანებით თავად კომპანიამ განაცხადა, რომ ის სამართლებრივ ბრძოლას იწყებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფისა და „ქართვლის დედის“ გამოსახვასთან დაკავშირებით მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ.

25 მარტს ქუთაისში გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა კომპანია „აიისას" მიერ წარმოებული პროდუქციის განადგურება და კომპანიის წარმომადგენლების დასჯა მოითხოვეს. ანალოგიური აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 19 აპრილს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0