თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქოს სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით, 2 ივნისამდე გადაავადა, ნათქვამია მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013"-ის მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა „ერთობა 2013"-მა მეტროპოლიტენის მემანქანეთა გაფიცვა დააანონსა. მემანქანეები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან" ითხოვენ ხელფასის მომატებას 44%-ით, ანუ საათობრივი ანაზღაურების 7-დან 10 ლარამდე გაზრდას.
დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 3 მაისს გაფიცვას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული 240-ვე მემანქანე აპირებდა, რაც მეტროს პარალიზებას გამოიწვევდა.
„დღეს, 2 მაისს „ერთობა 2013"-ს ჩაბარდა სასამართლო განჩინება, რომელიც მოითხოვს ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ 3 მაისის საგაფიცვო რეჟიმის 30 დღით გადავადებას. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „ერთობა 2013" აღასრულებს უპირობოდ სასამართლო განჩინებას გაფიცვის გადავადების შესახებ და ჩვეულ რეჟიმში მოახდენს მუშა პროცესის წარმართვას", — ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ მეტროს მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" შუამდგომლობის საფუძველზე გადაავადა. სასამართლოში ასევე შესულია სატრანსპორტო კომპანიის სარჩელი მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის კანონიერებასთან დაკავშირებით.
გუშინ მემანქანეების მოთხოვნას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მეტრო არ გაჩერდება, ხელფასების მომატებაზე კი შეუძლებელია საუბარი არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
მემანქანეების მოთხოვნებს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც" გამოეხმაურა და განმარტა, რომ დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდა არ განიხილება, რადგან ეს გამოიწვევდა უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" 6300-მდე თანამშრომელია დასაქმებული. თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 350-400 ათას მგზავრს ემსახურება.