თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ორი ქვეყნის ურთიერთობები და სომხეთში შიდაპოლიტიკური სიტუაცია ტელეფონით განიხილეს, იუწყება პირველი არხი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე მოვლენებს.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
გარდა ამისა, საქართველო წარმოადგენს პოპულარულ ადგილს სომეხი ტურისტებისთვის, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ასევე სატრანსპორტო დერეფანს ტვირთებისთვის, რომელიც სახმელეთო გზით სომხეთიდან რუსეთში შედის.
მატარებლები თბილისი–ერევნის მიმართულებით უპრობლემოდ მოძრაობენ >>
სომხეთში 13 აპრილიდან სერჟ სარგსიანის პრემიერად არჩევის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია სარგსიანს არაეფექტურ მართვაში და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაში ადანაშაულებს. ოპოზიციამ 17 აპრილს „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერად აირჩია. მაგრამ საპროტესტო აქციების ფონზე სარგსიანი ერთ კვირაში გადადგა. სომხეთს კონსტიტუციის ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, პრემიერს ყველაზე ფართო უფლებამოსილება ენიჭება.
სამშაბათს, 1 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერის პოსტზე ვერ აირჩია. საჭირო 53-ის ნაცვლად მან 45 ხმა მიიღო. კანონის თანახმად, ერთ კვირაში პრემიერის არჩევნები კვლავ გაიმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტის ავტომატური დათხოვნა მოხდება.
ოთხშაბათს ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა მთელ რესპუბლიკაში დაბლოკეს ქუჩები, გზები, ავტოტრასები და ხიდები, რამაც საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათით შეაფერხა.