თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში თამბაქოს მოსაწევად სპეციალური სივრცე მოეწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
1 მაისიდან საქართველოში ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდა.
მოწევა იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში — იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი.
არის გამონაკლისი შემთხვევები. ანუ თამბაქოს მოწევა ნებადართულია: ფიზიკური პირის საცხოვრებელ სახლში, ტაქსისა და კატერში, სამორინეში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, პენიტენციურ დაწესებულებაში, სიგარაბარში, ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ სტაციონარულ დაწესებულებებში, სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია (2020 წლის 1 იანვრამდე), სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში (2020 წლის 1 იანვრამდე) და აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილზე.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თამბაქოს მოწევისთვის განკუთვნილი სივრცე 102-ე ჩასხდომის ხიდთან მდებარეობს და ის სავენტილაციო სისტემითაა აღჭურვილი.