ლგბტ პირების აქცია და მათი მოწინააღმდეგეები – პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლგბტ საზოგადოების პოპულარიზაციის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ხმაურიანი კონტრაქცია მოაწყვეს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. პოლიციამ სამი პირი დააკავა საქართველოს პარლამენტის შენობასთან თბილისში, სადაც შეიკრიბნენ, ერთი მხრივ, ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები და მათი მომხრეები, ხოლო მეორე მხრივ — მათი მოწინააღმდეგეები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომა მოითხოვეს, რომელმაც ორშაბათს გამოცემა „ლიბერალთან" განაცხადა, რომ კომიტეტი 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას არ აპირებს მიუხედავად იმისა, რომ ეს კომიტეტის 2017-2018 წლების მოქმედებების გეგმით გაწერილია.

მსვლელობა რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
ოჯახის სიწმინდე VS ლგბტ-ს უფლებები

„საქართველოს პარლამენტმა გაათავისუფლოს სოფიო კილაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, რადგან მისი საქმიანობა და ღირებულებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების და თანასწორობის პრინციპებს. დღესდღეობით, საჯაროდ გაცხადებული მიზნების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სისტემატურად უგულებელყოფენ ადამიანის უფლებებს", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანა სუბელიანმა პარლამენტისადმი მიმართვის წაკითხვისას.

საპროტესტო აქციას კონტრაქციით უპასუხეს მათ, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოში ლგბტ საზოგადოების პოპულარიზაცია დაუშვებელია. მათ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები დაუშინეს. საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერია და სამი პირი დააკავა.

მოგვიანებით პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები და მათი მომხრეები მივიდნენ. მათ კილაძის გადადგომა კვლავ მოითხოვეს. სიტუაცია გამწვავდა, ამის გამო შესვენება გამოცხადდა. საბოლოოდ, ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

რაც შეეხება დაკავებულებს, მათ მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობს მუხლით „წვრილმანი ხულიგნობა". დანაშაული ითვალისწინებს 100 ლარის ოდენობით ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღით.

ყველა ახალი ამბავი
0