თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი არასდროს იცნობდა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
ამჟამად პაშინიანი გამოდის სიტყვით პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ. ერთადერთი კანდიდატია — ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ ხელმძღვანელი, საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი.
დეპუტატმა მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან ტაჩატ ვარდაპეტიანმა სთხოვა ოპოზიციონერს გაეკეთებინა კომენტარი სააკაშვილის და ნავალნის აღფრთოვანებულ რეაქციაზე სომხეთში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე.
რა კავშირია ივანიშვილის დაბრუნებასა და სომხეთის რევოლუციას შორის >>
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე არ მქონია არც პირდაპირი, არც შუამავლური კონტაქტები სააკაშვილსა თუ ნავალნისთან. მათ პირადად არ ვიცნობ, ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერია ნათქვამი“, — აღნიშნა პაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთის მოვლენებმა მსოფლიოს ბევრ კუთხეში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
პაშინიანის კანდიდატურა 30 აპრილს ფრაქცია „ელკმა“ წამოაყენა. არჩევისთვის პაშინიანს 105-დან 53 ხმა სჭირდება. შესაბამისად, მას მხარი უნდა დაუჭირონ არა მარტო ფრაქციებმა „ელკმა“, ბლოკმა „ცარუკიანმა“ და „დაშნაკცუტუნმა“, რომლებმაც მას ადრე დაუჭირეს მხარი, არამედ სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატთა ნაწილმა.
სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 23 აპრილს გადადგა. მასთან ერთად გადადგა მთავრობა. პრემიერის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი, რომელიც ამ თანამდებობას ადრე იკავებდა.