ყაზბეგში გატარებული ბავშვობა და ხელოვანი, რომლისთვისაც ორშაბათი კარგი დღეა

© Photo: Courtesy of Borena Eloshviliბორენა ელოშვილი
ბორენა ელოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორენა ელოშვილი წარმოშობით მოხევეა, ბავშვობაში თითქმის ყოველ ზაფხულს ყაზბეგში ატარებდა. ალბათ ბუნების, ხელოვნებისა და ცხენებისადმი მისი სიყვარულიც გენეტიკურია. დიზაინისა და მხატვრული ნაწარმის ფაკულტეტი დაამთავრა.

შემდეგ ხატწერას ეზიარა. ერთ დღეს კი თოჯინებით დაინტერესდა და მხოლოდ ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ამ საქმეშიც პროფესიონალიზმისთვის მიეღწია…

© Photo: Courtesy of Borena Eloshviliბორენა ელოშვილის ნამუშევრები
ბორენა ელოშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ბორენა ელოშვილის ნამუშევრები

– ქალბატონო ბორენა, ნიჭის გარდა რაიმე ამბავი ხომ არ გახდა იმის სტიმული, რომ პროფესიად მხატვრობა აგერჩიათ?

— სიმღერა და ხატვა თავიდანვე მიყვარდა. ცნობილი მხატვრის რადიშ თორდიას ოჯახი და ჩვენ ერთ კორპუსში ვცხოვრობთ. მისი მეუღლე და დედაჩემი მეგობრობენ. მახსოვს, მაშინ პატარა ვიყავი, როცა ჩემი „შედევრი“ მის მეუღლეს ვაჩუქე. მარინა დეიდას, როგორც ჩანს, ჩემი ნახატი სახლამდე მიჰყვა. ბატონ რადიშს მისთვის შემთხვევით მოუკრავს თვალი და უკითხავს, ეს ვინ დახატაო, მას ნიჭი აქვს და მისგან შეიძლება საინტერესო მხატვარი დადგესო. შესაძლოა, მისმა გადაჭარბებულმა, შემთხვევით ნათქვამმა ამ შეფასებამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და ხატვა უფრო შემაყვარა. ამის შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და დიზაინისა და მხატვრული ნაწარმის ფაკულტეტი დავამთავრე.

© Photo: Courtesy of Borena Eloshviliბორენა ელოშვილის ნამუშევრები
ბორენა ელოშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ბორენა ელოშვილის ნამუშევრები

– ხატწერა ვინ შეგასწავლათ და თოჯინებით როდის დაინტერესდით?

— ხატწერას ცნობილმა ხატმწერმა გიორგი ეგნატაშვილმა მაზიარა. თოჯინებს რაც შეეხება, დაახლოებით ორი წლის წინ შემთხვევით გავიგე ინტერნეტით ხელნაკეთი ინტერიერის თოჯინების, იგივე საკოლექციო თოჯინების შესახებ. მანამდე ჩემი დისშვილის და ძმისშვილის გასახარებლად ნაჭრის თოჯინებს ვამზადებდი. გავიარე კურსი ცნობილ მეთოჯინეებთან ნანა ყაულაშვილსა და იულია სოროკინასთან. მათ თავისებური სტილი აქვთ და მუშაობის დროს განსხვავებულ მასალებს იყენებენ, ამიტომ ჩემთვის ორივე ძალიან საინტერესო იყო.

© Photo: Courtesy of Borena Eloshviliბორენა ელოშვილის ნამუშევარი
ბორენა ელოშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბორენა ელოშვილის ნამუშევარი

– თოჯინებზე მუშაობის დროს რომელი დეტალია მნიშვნელოვანი?

— ჩემი თოჯინები მთლიანად ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, უფრო სწორად, ისინი ჩემი ფანტაზიიდან იღებენ პირველ შტრიხებს, ხოლო საბოლოო სახეს უკვე „თავისი ნებით“ იღებენ. ამ თოჯინებზე მუშაობისას თითქმის არ არსებობს პირველ- და მეორეხარისხოვანი ეტაპი, რადგან ყველა მათგანი ერთნაირად  მნიშვნელოვანია. თუმცა, მაინც გამოვარჩევდი სახის მოხატვის პროცესს, როცა იხატება თვალები, რაც თოჯინას ხასიათსა და გამომეტყველებას სძენს.

© Photo: Courtesy of Borena Eloshviliბორენა ელოშვილის ნამუშევარი
ბორენა ელოშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბორენა ელოშვილის ნამუშევარი

– ანუ თვალებია ის, რაც თქვენი თოჯინის ხასიათს განსაზღვრავს?

— დიახ, ხშირ შემთხვევაში სწორედ თვალები მკარნახობს თოჯინის „ბიოგრაფიას“, მაწვდის იდეას, თუ რა უნდა ეცვათ, რას უნდა გამოხატავდნენ და ვინ უნდა იყვნენ ისინი. არსებობს პლასტმასის მზა თვალები, რომელსაც ბევრი მეთოჯინე წარმატებით იყენებს, თუმცა მე რატომღაც მირჩევნია, რომ თვალებს თვითონ ვახატავდე.

© Photo: Courtesy of Borena Eloshviliბორენა ელოშვილის ნამუშევარი
ბორენა ელოშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბორენა ელოშვილის ნამუშევარი

— ისინი ძირითადად ეროვნულ და ისტორიულ სამოსში არიან, თუ გიფიქრიათ თანამედროვე ქართულ პერსონაჟებზე?

— ერთი მხრივ, ვაპირებ ეროვნული სამოსის კუთხით კიდევ უფრო გავიღრმავო ჩემი ცოდნა, ანუ შევისწავლო ცალკეული კუთხეების  სამოსელისთვის დამახასიათებელი ორნამენტები, ნაქარგობა და  დეტალები, მეორე მხრივ, არ მასვენებს რამდენიმე ლიტერატურული პერსონაჟის ხორცშესხმის სურვილი, ვნახოთ, რა გამოვა.

– ცხენოსნობით გატაცება ალბათ ბავშვობიდან მოდის?

— დიახ, წარმოშობით მოხევე ვარ და თითქმის ყოველ ზაფხულს ყაზბეგში ვატარებ. ცხენები, დოღის გულშემატკივრობა, გამარჯვების სიხარული — ეს ყველაფერი ჩემი ბავშვობის განუყოფელი შთაბეჭდილებაა. ყველამ იცის, რომ ცხენი ერთგულებით და ინტელექტით გამოირჩევა, ამიტომ მათთან ურთიერთობა დიდი სიამოვნება და სიხარულია, ის არასოდეს მიატოვებს პატრონს. ერთხელ ბიძაჩემი და მამა ხევსურეთში მიდიოდნენ მანქანით მათ შეამჩნიეს მინდორში იდგა აღვირშებმული ცხენი, რომელიც ერთ ადგილზე ტრიალებდა. მამას უთქვამს, ეს ცხენი ისე ტრიალებს, აქ სადღაც ნამდვილად მისი პატრონი იქნებაო. მძღოლს მანქანა გააჩერებინა და გადმოვიდა. და მათ მართლაც იპოვნეს ცხენის ნასვამი პატრონი, რომელიც მისგან გადმოვარდნილიყო, ქვაზე თავი დაერტყა და უგონოდ ეგდო. რომ არა ცხენი, რომელიც არ ტოვებდა მის პატრონს, ვინ იცის, როდის იპოვიდნენ, ან გადარჩებოდა თუ არა ის ადამიანი.

© Photo: Courtesy of Borena Eloshviliბორენა ელოშვილის ნამუშევარი
ბორენა ელოშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბორენა ელოშვილის ნამუშევარი

– სხვათა შორის, ახლობლები საინტერესო ადამიანად გთვლიან, როგორ ფიქრობთ, რატომ?

— არ ვიცი, ვერ გეტყვით. პირიქით მგონია, რომ ეს მე მაქვს ბედნიერება ვიცნობდე მრავალ საინტერესო ადამიანს და მათი დამსახურებით ჩემი ცხოვრებაც უფრო საინტერესო იყოს. ამბობენ, საყვარელი საქმე ადამიანს აკეთილშობილებსო. ასე რომ, მე იმ ბედნიერ ადამიანთა რიცხვში ვარ, რომელთათვისაც ორშაბათიც კარგი დღეა…

 

ყველა ახალი ამბავი
0