თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოდან ჩინეთში ლურჯი მოცვის ექსპორტი იგეგმება განუცხადა "Sputnik –საქართველოს" კომპანია "აგროლეინის" დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა.
„საქართველოსთვის ჩინეთი ძალიან პერსპექტიული ბაზარია, რადგან ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ჩვენი პროდუქტის დაუბეგრავად შეტანის შესაძლებლობას იძლევა, სხვა ქვეყნებისთვის კი ლურჯ მოცვზე იმპორტის გადასახადი 30%-ია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნებისმიერ კონკურენტს ფასში 30 %-ით ვაჯობებთ" —აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა
„აგროლეინს" ლურჯი მოცვი ექსპორტზე დუბაიში, ქუვეითსა და კატარში გადის. ამ ქართულ პროდუქტს იქ დიდი სავაჭრო ქსელები იმავე ფასად ყიდულობენ, როგორც მაგალითად, ამერიკულს, ესპანურს ან კანადურს. საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვი კონკურენტებს არც ხარისხით და არც შეფუთვით ჩამოუვარდება.
გიორგი ღვინიაშვილის თქმით, პლანტაციებში გაშენებული ლურჯი მოცვის კულტურა საქართველოში მთლიანად იმპორტირებულია, რადგან ადგილობრივი ჯიში, რომელიც ტყეში იზრდება, უფრო მედიცინაში გამოიყენება.
„აგროლეინმა" ამ კულტურის გაშენება იმერეთში, ბაღდათის რაიონ სოფელ ვარციხეში ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. დღეს მისი პლანტაცია 6 ჰა ფართობზეა. ექსპორტზე გასატანად პროდუქტს კომპანია სხვა ფერმერებისგანაც ყიდულობს. ლურჯი მოცვის პლანტაციებს დასავლეთ საქართველოში უკვე დაახლოებით 300 ჰა ფართობი უკავია, თუმცა ჯერ-ჯერობით მოსავალს მხოლოდ ადრე გაშენებული მცენარეები იძლევა.
„დასავლეთ საქართველოსთვის ლურჯი მოცვი ეს ჩაის რეალური ალტერნატივაა, რადგან ის მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე" —მიაჩნია გიორგი ღვინიაშვილს.
შარშან კომპანიამ ვარციხეში მოცვის დამამზადებელი საწარმოც გააკეთა, სადაც მისი დახარისხება, გაყინვა და შეფუთვა ხდება. საწარმოში პროდუქციის გასაყინად შოკური გაყინვის მეთოდი გამოიყენება, რაც პროდუქტის სწრაფ გაყინვას გულისხმობს მინუს 40 გრადუს ტემპერატურაზე.
გიორგი ღვინიაშვილის განმარტებით, როცა პროდუქტი ნელა იყინება, მისი შემადგენელი სითხე მოცულობაში იზრდება და უჯრედებს ხეთქავს, გალღობის შემდეგ კი პროდუქტი ფორმას კარგავს. შოკურად გაყინვის დროს სითხე ვერ ასწრებს კრისტალების წარმოქმნას, შესაბამისად არ ზიანდება უჯრედები და ნარჩუნდება მისი ხარისხი და გემოვნური თვისებები.
საქართველოში მოყვანილი და შეფუთული ლურჯი მოცვი ხარისხით ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს და საწარმოს ამის დამადასტურებელი ISO 22 000 —ის სერთიფიკატიც გააჩნია, თუმცა „აგროლეინი" ჯერ-ჯერობით ევროპის ბაზრების ათვისებას არ ჩქარობს და მიზეზად ამ ეტაპზე ლოგისტიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს.