თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ციური დათაშვილმა 1ჰექტარი მიწის ფართობზე ჟოლოს ახალი ბაღი გააშენა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
ციური დათაშვილი პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 9,5 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან 7 ათასი ლარი ნერგებისთვის, ხოლო 2,5 ათასამდე ლარი — წვეთოვანი სისტემებისთვის.
ჟოლოს ბაღი ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4,709 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა თითქმის 24,7 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხეხილის ბაღები 20 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა, ხოლო რეგიონში ჯამურმა თანადაფინანსებამ თითქმის 108,5 ათასი ლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში — ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.