თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ვანისა და ხონის ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობამ 17:00 საათისთვის 48,8% შეადგინა, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ ვანში გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების რაოდენობა გაიზარდა.
„გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ით გაიზარდა. შეიძლება ეს ფაქტი უკავშირდებოდეს ხმების მობილიზებას. ზუსტად 25 უბანზე დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი. რამდენად იყო ობიექტური საფუძველი, ამას გადამოწმების შემდეგ ვიტყვით, თუმცა 31 საარჩევნო უბნიდან 25 უბანში დაფიქსირებული ზრდა ეჭვს ბადებს“, – განაცხადა სულხან სალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
რაც შეეხება ამ დროისათვის არსებულ ინფორმაციას საჩივრების შესახებ, პრეს-სპიკერის თქმით, ვანში, №13-ე საარჩევნო უბანზე და ხონში, №11-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეგისტრატორების მიერ დაიწერა ახსნა-განმარტებები. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 3 საჩივარი. საჩივრები კანონის შესაბამისად, დადგენილ ვადებში განიხილება.
„შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით 2 საათია დარჩენილი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია”,-აღნიშნა ბრიფინგის ბოლოს ანა მიქელაძემ.
17:00 საათისთვის ოლქის 48 ათასი ამომრჩევლიდან ხმა მისცა 23,5 ათასმა ადამიანმა.
დეპუტატობის მანდატისთვის იბრძვიან: გივი ჭიჭინაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო"), გიგი უგულავა („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო"), გიორგი ლილუაშვილი („საქართველო"),ზურაბ ქართველიშვილი („ტრადიციონალისტები"), მამუკა ტუსკაძე („ახალი ქრისტიან-დემოკრატები") და ვასილ კოპალიანი (საინიციატივო ჯგუფი).
ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების პროცესს აშუქებს 19 მედიასაშუალების 504 წარმომადგენელი. ასევე, არჩევნებს ესწრება საარჩევნო სუბიექტების 461 წარმომადგენელი.