თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ვანისა და ხონის ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობამ 15:00 საათისთვის 41,1% შეადგინა, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
„ამ დროისათვის საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი ნება“, — განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
15:00 საათისთვის ოლქის 48 ათასი ამომრჩევლიდან ხმა მისცა 19,8 ათასმა ადამიანმა.
დეპუტატობის მანდატისთვის იბრძვიან: გივი ჭიჭინაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო"), გიგი უგულავა („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო"), გიორგი ლილუაშვილი („საქართველო"),ზურაბ ქართველიშვილი („ტრადიციონალისტები"), მამუკა ტუსკაძე („ახალი ქრისტიან-დემოკრატები") და ვასილ კოპალიანი (საინიციატივო ჯგუფი).
ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების პროცესს აშუქებს 19 მედიასაშუალების 504 წარმომადგენელი. ასევე, არჩევნებს ესწრება საარჩევნო სუბიექტების 461 წარმომადგენელი.