თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისში, იპოდრომის პარკში მოქალაქეებმა აქცია გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„არა ესტაკადას – იპოდრომი ჩვენია!” — ამ სახელწოდების აქციას არაერთი მოქალაქე დაესწრო და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
აქციის მონაწილეები, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობას აპროტესტებენ.
საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განხორციელების შედეგად, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რაც საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილს საცობებისგან განტვირთავს, ასევე შემცირდება ტრანსპორტის გადაადგილების დრო.
მოქალაქეები მოუწოდებენ თბილისის მერიას, დაუყონებლივ შეაჩეროს პროექტი. მათი განცხადებით, არ არსებობს არანაირი დასკვნა, რომ სამშენებლო სამუშაოები იქ მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის.
„მგონი დროა მივხვდეთ, რომ ახალი გზა და ახალი ესტაკადა საცობების პრობლემას არ აგვარებს. ის ამძიმებს ეკოლოგიურ მდგომარეობას და ამძიმებს ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობას“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რუსუდან დუჩიძემ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, უკეთესი იქნება, დედაქალაქში მთავრობამ იპოდრომის, როგორც რეკრეაციული ზონის განვითარებაზე იზრუნოს.
პროექტის რეალიზების შედეგად ესტაკადაზე გახდება შესაძლებელი მოძრაობა ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. ასევე შეუფერხებელი გახდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიამრთულებით (საბურთალოს ახალი გზა).
პროექტის რეალიზება 2016 წელს იგეგმებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ტერიტორიის ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, მშენებლობა გადაიდო.