თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ვანისა და ხონის ოლქში ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მოდებაძემ.
არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
დეპუტატობის მანდატისთვის იბრძვიან: გივი ჭიჭინაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", იმერეთის ყოფილი გუბერნატორი), გიგი უგულავა („ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო", თბილისის ყოფილი მერი), გიორგი ლილუაშვილი („საქართველო"),ზურაბ ქართველიშვილი („ტრადიციონალისტები"), მამუკა ტუსკაძე („ახალი ქრისტიან-დემოკრატები") და ვასილ კოპალიანი (საინიციატივო ჯგუფი).
გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს დააგროვებს.
შუალედურ არჩევნებზე საკუთარი ნება გამოხატა ამომრჩეველთა 57,9% — 27 900-მდე ადამიანმა.
კენჭისყრა მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა — დღის განმავლობაში ცესკოში სულ 5 საჩივარი შევიდა, რომელიც საპროცედურო საკითხებს ეხებოდა.
ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდებოდა. არჩევნების პროცესს აშუქებდა 19 მედიასაშუალების 504 წარმომადგენელი. ასევე, არჩევნებს ესწრებოდა საარჩევნო სუბიექტების 461 წარმომადგენელი.