თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან "საქართველოს პატრიოტთა ალინსი" ირმა ინაშვილი დაჟინებით მოითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანომ დეპუტატთა ჯგუფს, რომელიც მესამედ აპირებს მოსკოვში გამგზავრებას, ოფიციალური დელეგაციის სტატუსი მიანიჭოს.
ამჟამად მოსკოვში იმყოფება ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია, რომელიც დელეგაციის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ლომია პარლამენტის სამიდან ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც მოსკოვში 2017 წლის ივლისსა და ოქტომბერში მოლაპარაკებები გამართა სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებთან.
„ჩვენი მთავარი ამოცანაამ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ახალი პრობლემებისაგან, ახალი ტერიტორიების დაკარგვისაგან. ის, რომ მოხდეს ურთიერთგარკვევა, ურთიერთობების დარეგულირება, ამ ნაწილში ჩვენ ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია. და მეტს გეტყვით, საქართველოს პარლამენტმა ჩვენს დელეგაციას უნდა მისცეს ოფიციალური დელეგაციის სტატუსი, რომ ოფიციალური დელეგაცია ჩადიოდეს რუსეთის დუმაში და მართავდეს შეხვედრებს", — განუცხადა ინაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ს.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში 150-დან 6 ადგილი უჭირავთ, რუსეთში საკუთარი ინიციატივით დადიან.
თუ როდის დაიწყება ვიზიტი ან ქართველი დეპუტატების შეხვედრა ვისთან არის დაგეგმილი, ამ ეტაპზე უცნობია. ადრე, აპრილის დასაწყისში დეპუტატმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციური დელეგაციის შემადგენლობა უცვლელი დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან თავად მარშანია, ლომია და ნატო ჩხეიძე.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში არის შენარჩუნებული.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.