პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატის სახით მონაწილეობა შესაძლოა გადაიფიქროს და მხარი სხვა კანდიდატს დაუჭიროს, შეწყალების კომისიის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო. მანამდე მას სულ რაღაც ერთ კვირაში საქართველოს პარლამენტში ელოდებიან. თუ მოხსენება დებატების ფორმატში გაიმართა, საკმაოდ მწვავე დაპირისპირებას უნდა ველოდოთ, რადგან ქართული ოცნების დეპუტატებისათვის დაგზავნილ მესიჯ-ბოქსში მარგველაშვილი „მავნებლად“ ყოფილა მოხსენიებული. „შპარგალკა“ „იმედში“ ერთ-ერთ დეპუტატს დარჩა და ის პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის ხელში აღმოჩნდა.
ამასობაში კვლავ მიმდინარეობს საუბარი საერთო ოპოზიციური კანდიდატის დასახელების თაობაზე. გუშინ გიორგი ვაშაძემ დაადასტურა, რომ სწორედ ეს თემა განიხილეს აშშ-ს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე. ვაშაძე იმედოვნებს, რომ სტრატეგიული პარტნიორი კიდევ უფრო მეტ შენიშვნებს მისცემს საქართველოს ხელისუფლებას, რახან მათ ხელში მთელი ძალაუფლების აღება მოინდომეს, გადანაწილების ყოველგვარი სქემის გარეშე.
პრეზიდენტობის კანდიდატობის სურვილი დაადასტურა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. ახლა ის ეროვნულ კახა შარტავასთნ ერთად დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას ცდილობს. სხვათა შორის, რესპუბლიკელებისაგან დისტანცირება უსუფაშვილს კარგის მეტს არაფერს მოუტანს. მას დღესაც უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს პოლიტიკურსა და საქმიან წრეებში, ვიდრე პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს.
უსუფაშვილმა ცალსახად მიანიშნა, რომ საუბარია მისი არა მხოლოდ „შენების მოძრაობის“, არამედ საერთო ოპოზიციურ კანდიდატად დასახელების თაობაზე, რაც სავარაუდოდ, მეორე ტურის ალბათობას გაზრდის. თუმცა მთავარი ის კი არაა, გაიმარჯვებს თუ არა „შენების“ მოძრაობის კანდიდატი არჩევნებში, არამედ ის, რომ მას ექნება ძალიან დიდი რესურსი, ახალ ამპლუაში წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე, შემოიაროს მთელი საქართველო და აჩვენოს ხალხს ალტერნატივა. ცნობილია, რომ „შენების“ მოძრაობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის თუ უმრავლესობის მოპოვებას ვერა, პარლამენტში სოლიდური წარმომადგენლობის შეყვანას გეგმავს.
სერიოზული საპრეზიდენტო გეგმები აქვს ევროპულ საქართველოს, რომელიც ასევე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის წარდგენას აპირებს ამ პოსტზე. უკვე დასახელებულია შალვა ნათელაშვილი.
რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდს, აქ სპექტრი და ხმები საკმაოდ ფართოა. სალომე ზურაბიშვილიდან და თეა წულუკიანიდან დაწყებული, კვირიკაშვილით, ბიძინა ივანიშვილითა და არჩილ თალაკვაძით დასრულებული. ერთ-ერთ ინტერვიუში რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, თავად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურაც იყოს განხილული. ამ ვერსიას ამყარებს ირაკლი კობახიძის თავდაჯერებული განცხადებები ბოლო დღეებში, რომ ოცნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნების პირველივე ტურში მოგება და რომ მათ ძალიან ღირსეული კანდიდატი ეყოლებათ.
ცნობილია ისიც, რომ „ოცნება“ საუკეთესო სპარინგ-პარტნიორად „ევროპულ საქართველოს“ განიხილავს, თუმცა თუკი მისი ადგილი უსუფაშვილმა და „შენების მოძრაობამ“ დაიკავა, მოვლენები უფრო საინტერესოდ განვითარდება. არჩევნებამდე კიდევ 6 თვეა დარჩენილი და ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.