გარდა იმისა, რომ გასულ კვირას პარლამენტარებმა ერთმანეთის მიმართ „კომპლიმენტები“ არ დაიშურეს, ეთიკის კოდექსიც ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ადრე თუ გვიან საპარლამენტო უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და, როგორც ჩანს, სადაც კამერების წინაშე აგინებენ ერთმანეთს, დახურულ სხდომაზე უკეთ მოიკითხავენ ერთმანეთის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უსიამოვნების მთავარი მიზეზი „ქართული ოცნებაში“ ბუნებრივია, ახალგაზრდების ჯგუფის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინაა მიღებული და ახლა რაიმის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ახალგაზრდა კობახიძისტების ჯგუფმა თურმე არა მარტო საპარლამენტო კონტროლი, საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენაც კი საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ერთ-ერთი ვერსიით, ახლების და მათ უკან მდგომი კალაძის მიზანია, ამ პოსტზე თალაკვაძე დაასახელონ. თუ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა ვერა, არც კალაძის გაპრეზიდენტებას არ გამორიცხავენ, რადგან ეს პოსტი მარგველაშვილის დაუმორჩილებლობის გამო კი ეცადნენ, დაემცირებინათ, მაგრამ სინამდვილეში პრეზიდენტის პოსტი უმნიშვნელოვანესია როგორც სიმბოლური, ასევე ფუნქციური თვალსაზრისით და ამჟამინდელი პრეზიდენტი საკუთარ უფლებებს სრულად არასოდეს იყენებდა. შესაძლოა, ოცნებისადმი ვალდებულების გრძნობისა და ამავე დროს, კონსტიტუციური წესრიგის ხათრით.
ამასობაში ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად გაგვიმხილა, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში ან აგვისტოში დაასახელებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდში ჩუმი ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.
ოცნების პარტიულ ყრილობაზე როგორც ჩანს, მხოლოდ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დასახელდება და აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, ვინ მოიპოვებს უპირატესობას ხელისუფლებაში. მანამდე კი, კვირიკაშვილი, კალაძე და კობახიძე ამბროლაურში ერთად ჩნდებიან პარტიის ყრილობაზე და ამით ხაზს უსვამენ, რომ მათ შორის ყველაფერი კარგადაა.
სარწმუნო წყაროები არც იმას გამორიცხავენ, რომ ორივე დაჯგუფებას დიდი დარტყმა ელოდება ერთი უბრალო მიზეზის გამო — საპრეზიდენტო კანდიდატი არც ერთი გუნდიდან არ იქნება და, სავარაუდოდ, დავით მაღრაძის შემდეგ ამ პოსტს მამუკა ბახტაძეს შესთავაზებენ, რომლის პიარი უკვე დაწყებულია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ასეთი რესურსი მხოლოდ ფინანსთა მინისტრის პოპულარიზაციისათვის იხარჯებოდეს. და საერთოდ, რაში სჭირდება მთავრობის წევრს სარეკლამო პოსტები ფეისბუქზე და ცნობადობის გაზრდა?
ექსპერტი გია ხუხაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად უმრავლესობიდან თეა წულიკიანის ნაცვლად ენძელა მაჭავარიანს ურჩევდა ხელისუფლებას, მაგრამ რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, მასთან დაკავშირებით პოლიტოლოგის შეფასებები მუდმივად მაღალია. ხუხაშვილი თვლის, რომ მთავრობაში გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე რადიკალურად სწორედ პროფესიონალიზმითა და იმითაც გამოირჩევიან, რომ არანაირ ინტრიგებში არ ერევიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი წარდგენა ნებისმიერ პოსტზე შესაძლებელია.
და თუ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ყოფილ მოკავშირეს და ალასანიას პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ნინო გოგუაძეს დავუჯერებთ, ზაფხულის მიწურულს პრეზიდენტობის კანდიდატს სწორედ ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს. უფრო სწორად, კი არ დაასახელებს, არამედ შესაძლოა, სწორად იმათ დაასახელებინოს, ვინც ახლა ამ ტახტის ხელში ჩასაგდებად იბრძვის. მანამდე კი მომავალ პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ შემცირებულ პოლიტსაბჭოში, სავარაუდოდ, 19 მაისს, პარტიის ყრილობაზე შეიყვანენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!