თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში რეისებს ასრულებენ, ვალდებული იქნებიან 1 ივნისიდან საკუთარი მგზავრების მონაცემები ქართულ სპეცსამსახურებს წინასწარ მიაწოდონ, იუწყება გაზეთი „რეზონანსი“.
მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ტერორიზმის თავიდან აცილებას, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენციას; ასევე, სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებასა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას.
ავიაკომპანიებმა მგზავრებზე ინფორმაცია აფრენიდან 48 საათით ადრე უნდა წარადგინონ. საუბარია ისეთ მონაცემებზე, როგორიცაა სრული სახელი და გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, მგზავრობის სრული მარშრუტი, ინფორმაცია ტვირთის და პლასტიკური ბარათების შესახებ.
„ვერ ვიტყვი, რომ ტერორიზმის საფრთხე გაიზარდა. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც უკვე დიდი ხანია ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. უბრალოდ ჩვენმა ხელისუფლებამ ის ახლა გაიზიარა“, — განაცხადა ექსპერტმა ბესიკ ალადაშვილმა.
მისი თქმით, საფინანსო სისტემა და ავიაგადამზიდავები — ეს ის ბიზნეს-სექტორია, საიდანაც მიღებული ინფორმაცია სავარაუდო რისკების პრევენციის შესაძლებლობას იძლევა.
„აქ საუბარია ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების გადაადგილების პროგნოზირებაზე. ეს აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა და კანონმორჩილ ადამიანებს ამის არ უნდა ეშინოდეთ“, — აღნიშნა ალადაშვილმა.
2017 წელს რეგულარულ ავიარეისებს ახორციელებდა 53 ავიაკომპანია — გასულ წელს მათ დაახლოებით 4 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რეგულარულ ავიარეისებს 38 ავიაკომპანია ახორციელებდა, რომელიც 812 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა.