თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ნაპირდამცავ სამუშაოებს ქობულეთს სანაპიროზე მაისიდან სახელმწიფო სამშენებლო კომპანია განახორციელებს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2017 წლის შემოდგომაზე ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც 1 მაისიდან დაიწყებს სამუშაოებს. ეს საშუალებას მოგვცემს პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი საზაფხულო სეზონის დაწყებამდე დავასრულოთ და არსებული ვითარება რადიკალურად გამოვასწოროთ“, — აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, დამრღვევ კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პასუხი მოეთხოვება.
თავის მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია წლევანდელი საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება. მისი თქმით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მხოლოდ შარშან ორ მილიონამდე ტურისტი ისვენებდა.
ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქობულეთში მოეწყობა ახალი ბულვარი, გაუმჯობესდება კურორტის სანაპირო ზოლის და შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად იზრდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მოდის