თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. 2018 წლის პირველ კვარტალში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი დაფიქსირდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 532 ფაქტია და სისხლის სამართლის 77 ფაქტი, რომელთა მასალებიც სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 1 261 919 ლარი შეადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს ჯარიმის სახით, ჯამში 923 910 ლარი დაეკისრათ.
გარემოსდაცვითი დანაშაულებიდან ტყის კანონმდებლობის, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების და სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 1000-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა, რაც გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევების 46%-ს შეადგენს.
საერთო სტატისტიკის 18%-ს (484 ფაქტი) შეადგენს წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები და 14%-ს (355 ფაქტი) ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები.
2018 წლის პირველ კვარტალში გამოვლენილია ნარჩენების მართვის კოდექსის, თევზჭერის/ნადირობის წესების, წყლის კანონმდებლობის, მიწის კანონმდებლობის, ნებართვის პირობების დარღვევის 508 ფაქტი (19%). სხვა დარღვევებმა კი საერთო სტატისტიკის 3% (55 ფაქტი) შეადგინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში (იანვარი, თებერვალი, მარტი) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 1534 ფაქტი იყო დაფიქსირებული.