ბედნიერები საათს (არ ) უყურებენ, ანუ როცა საათის ციფერბლატზე „სულ 1-ია“

© Photo: Courtesy of Sopio Pirveliსოფიო პირველი
სოფიო პირველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმოიდგინეთ, საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის მენეჯერი, რომელმაც ლოგიკურად დროის ფასი კარგად უნდა იცოდეს, სოფიო პირველი კი დროს საერთოდ არ ითვლის და სამსახურის შემდეგაც აგრძელებს მუშაობას.

მის მიერ დამზადებული ნივთები ორიგინალური ფორმითა და შინაარსით გამოირჩევა. იგი ყელსაბამებს, სამაჯურებს, ბეჭდებს, ქამრებს, გასაღების საკიდებს და გამორჩეულ წარწერიან საათებს ამზადებს.
მის ნახელავებს შორის შეხვდებით ყელსაბამს წარწერით: „ჩემში გენიოსს ძინავს და ნუ ხმაურობ“, საათს, რომლის ციფერბლატზეც აწერია: „სულ 1-ია“, ან ასეთი: „დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს“… მოკლედ, წარწერის დამზადება და შესაბამისი ვიზუალი შეიძლება გათვლილი იყოს ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაზე…

© Photo: Courtesy of Sopio Pirveliსოფიო პირველი
სოფიო პირველი - Sputnik საქართველო
სოფიო პირველი

- სოფიო, ამბობენ, „ბედნიერები საათს არ უყურებენო“… თქვენს მიერ დამზადებულ საათები სულ სხვა განწყობას ქმნის… როგორ დაიწყო ეს ამბავი?

— თავიდან არც ვფიქრობდი ამ ნივთების რეალიზაცია მომეხდინა, იმიტომ ვაკეთებდი, რომ უბრალოდ მსიამოვნებდა. სულ სხვა სფეროში ვმუშაობ და ეს ჩემთვის მხოლოდ განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება იყო. ჩემი სპეციალობა მენეჯმენტია. ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული კომპანიის მენეჯერი ვარ. საათზე წარწერების გაკეთების იდეა ჩემგან წამოვიდა. თავიდან როცა ვცადე, პირველი ნიმუში სოციალურ ქსელებში განვათავსე.  მაინტერესებდა როგორ რეაქცია ექნებოდა. როცა ვნახე, რომ მოწონება დაიმსახურა, მერე მოვკიდე ამ საქმეს ხელი. წარწერებს მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით ვაკეთებ.

- გავიგე, რომ საათების დიზაინი თქვენ გეკუთვნით და საწყის მასალად რას იყენებთ?

— ეს ჩვეულებრივი, არც ისე მაღალი ხარისხის საათებია, რომელსაც ვაფორმებ საკუთარი დიზაინით: წარწერებით ან ხელით შესრულებული ნახატებით. აქედან გამომდინარე, ფასებიც მისაღებია. შეფუთვა ყველა პროდუქტს მოყვება. ხშირ შემთხვევაში, როცა ვიცი, რომ საჩუქარია, მომხმარებელს ინდივიდუალურ შეფუთვას თავად ვთავაზობ. ერთხელ გვირილებიანი საათი შემიკვეთეს და ყუთიც შესაბამისად, გვირილებით და ამ ყვავილზე ლექსით გავაფორმე.

© Photo: Courtesy of Sopio Pirveliსოფიო პირველი
სოფიო პირველი - Sputnik საქართველო
სოფიო პირველი

-დროის ფასი გეცოდინებათ…

— არ მესმის რას ჰქვია, სამუშაო და არასამუშაო დრო: ამ საქმიანობას დასვენების ხარჯზე ვასრულებ. როცა სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ დიდი სიამოვნებით ვსაქმიანობ. ამ ნივთებისთვის ვიყენებ ტყავს, ბუნებრივ და ხელოვნურ ქვებს. მომხმარებელი ამბობს, რომ ჩემს ნამუშევრებში არის რაღაც ისეთი, რაც განწყობას ქმნის. ხშირად ეს წარწერები იუმორს შეიცავენ და ყველა შემთხვევაში, პოზიტიურ განწყობაზე გაყენებენ.

- მომხმარებელთან ურთიერთობასაც გარკვეული განწყობა მოაქვს...

— გუშინ მქონდა შეკვეთა, როცა ახალგაზრდა კაცმა შეყვარებულს წარწერიანი საათი მიართვა საჩუქრად. პირდაპირ ჩემთან მოიყვანა და ეს სიურპრიზი აქ გაუკეთა. გოგოს ძალიან მოეწონა და გახარებული დარჩა. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთი სცენის მოწმე ვხვდები და ჩემი ნახელავი ასეთ რეაქციას იწვევს. ჩემი ნივთები უცხოელებმაც შეიძინეს და საქართველოდან წასულმა ემიგრანტებმაც. ამ ბოლო ხანებში უფრო ხშირად მამაკაცები მიკვეთავენ ქალბატონებისთვის.

- სოფიო, ამ ეტაპზე მხოლოდ „ონ-ლაინ“ მაღაზია გაქვთ, სამომავლოდ თუ აპირებთ საქმიანობის გაფართოებას?

— დიახ, ასეა, გული მწყდება, რომ ყველაფრის გაკეთება მიწევს. მე არ ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფი, ამიტომ ყველა მეუბნება, რომ ჩემი ნამუშევრები ფოტოზე ასეთი კარგი არ ჩანს და ლაივში უკეთესია. ხშირად მეკითხებიან მაქვს თუ არა მაღაზია. ამიტომ სურვილი მაქვს, ჩემი კუთხე მქონდეს, სადაც ეს ნივთები იქნება გამოფენილი, კიდევ მინდა, რომ ეს არ იყოს მხოლოდ მაღაზია ბუტიკი, მინდა მას სახელოსნოს სახე მივცე და ჩემი ნივთები იქვე დავამზადო.

© Photo: Courtesy of Sopio Pirveliსაათები
საათები - Sputnik საქართველო
საათები

- ცრუმორწმუნე მომხმარებელი არ გყავთ, ვნახე, რომ ერთ საათის ციფერბლატი მთლიანად ერთი ციფრით- 13-თაა გაფორმებული…

— ეს მათთვის, ვისაც არ სჯერა ამ ციფრის ნეგატიურობის, ერთ საათზე გავაკეთე წარწერა: „სულ 1- ია“. რაც შეეხება, ზოგადად აქსესუარებს, მათთან არც ისე მჭიდრო დამოკიდებულება მაქვს, მე თვითონ იშვიათად ვიყენებ. თუმცა ამოჩემება მჩვევია. დაახლოებით სამი თვეა, რაც ჩემს მიერ გაკეთებული სვანურ კოშკებიანი საათი მიკეთია. მე სვანი ვარ და სვანეთის თემა ჩემთვის ძალიან მშობლიური და ახლობელია…

ყველა ახალი ამბავი
0