სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელ უცხოელებს, შესაძლოა, ვალდებულებები დაეკისროთ

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaოთარ დანელია
ოთარ დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა აიკრძალა, რამაც საბანკო სექტორთან მიმართებით გარკვეული პრობლემები შექმნა

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ” ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამუშაო შეხვედრაში  აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია,  საქართველოს ბიზნეს–ომბუდსმენი,  ბანკების ასოციაციის, ბიზნეს–ასოციაციისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. 

2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა აიკრძალა. შეხვედრაზე იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომელიც ამ მორატორიუმის ფარგლებში შეიქმნა.  

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა უცხოელებისთვის მიწის გაყიდვაზე აკრძალვას დაუჭირა მხარი

დანელიას  განცხადებით,  უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვამ საბანკო სექტორთან მიმართებით  პრობლემები შექმნა, რის გამოც კანონის დამტკიცებამდე არსებულ მორატორიუმში, შესაძლოა, ცვლილება შევიდეს.

„დაახლოებით 200 მლნ ლარამდე არის პრობლემატური სესხები, რომლებიც შესაძლებელია ითქვას, რომ მორატორიუმის გამო შეფერხდა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები შევიდეს მორატორიუმში და, ბუნებრივია, გათვალისწინებული იქნეს ეს გარემოებები, რათა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფინანსური რესურსი“, — განაცხადა ოთარ დანელიამ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ახალმა კანონმა, შესაძლოა, სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი უცხოელებისთვის გარკვეული ვალდებულებები დააწესოს.

„კანონპროექტი გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების აკრძალვას. საქართველოს მოქალაქეებზე აბსოლუტურად არანაირი შეზღუდვა არ არის და სერიოზულად ვმსჯელობთ იმაზე, რომ რეტროაქტიურად, ანუ უკანა ქმედებით ვალდებულებები დაეკისროთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მიწას და შესაბამის სანქციებზე გვექნება საუბარი”, – განაცხადა დანელიამ.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ფლობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  აღნიშნული გადაწყვეტილება მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წილის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის არსებული პრაქტიკისა და, რაც მთავარია, საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს.


ყველა ახალი ამბავი
0