თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ", რომლის თანახმად, შეჩერდა ის ნორმა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიწის მიყიდვის საშუალებას იძლეოდა.
კანონში შესწორებებს მხარი დაუჭირა პარლამენტის 150 დეპუტატიდან 87-მა, მორატორიუმი უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ იმოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე შესაბამისი შესწორებები არ შევა საქართველოს კონსტიტუციაში.
„სანამ კონსტიტუციური კანონპროექტი მიღებული არაა და ამ ტიპის მიწებზე დიდი ინტერესია, მათ შორის იზრდება საფრთხეც, შესაბამისად, ამ ღონისძიებით ჩვენ ამ საფრთხეებს ვაზღვევთ. მორატორიუმი გამოცხადდება არა კონსტიტუციის მიღებამდე, არამედ მის ამოქმედებამდე, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არ მოხდება უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა“, — განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მორატორიუმის შემოღების წინააღმდეგი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამ ნაბიჯს პოპულისტურს და ადგილობრივი არჩევნების წინ ხმების მოპოვებისთვის მიმართულ ნაბიჯს უწოდებს.
„ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ქვეყანას სასიკეთოდ არ წაადგება. ეს ეკონომიკურად წამგებიანი გადაწყვეტილებაა და ის ხელისუფლების სახეს აჩვენებს, რომელიც ზრუნავს არა ქვეყნის განვითარებაზე, არამედ ზრუნავს წინასაარჩევნოდ ქულების დაწერაზე“, — განაცხადა რომან გოცირიძემ.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს.
უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის გამოცდილება საქართველოს უკვე აქვს. 2013 წელს ქვეყნის პარლამენტმა მსგავსი აკრძალვა შესწორებებით დაადგინა კანონში "მიწით სარგებლობის შესახებ".
მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან შესწორებებს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია.
თუმცა, მოგვიანებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ქვეყნის მთავარი კანონის შეუსაბამოდ აღიარა. მაშინ ექსპერტები და ოპოზიციური ძალები მთავრობას აფრთხილებდნენ, რომ ამას სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების შემცირება შეიძლება გამოეწვია.
უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში 2016 წელს დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 0,6%-ს შეადგენს.