თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, იუწყება РИА Новости.
„არ გამოვრიცხავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, მაგრამ ამისათვის უსაფრთხოებისა და ანტიტერორის საკითხებზე ერთობლივი მუშაობა არის საჭირო, საქართველოს ხელისუფლება კი ამაზე ჯერჯერობით არ მოდის“, — განაცხადა ზახაროვამ ტელეარხ „დოჟდის“ ეთერში.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2006 წლიდან არსებული სავიზო შეზღუდვები ორი წლის წინ მოიხსნა.
„დღეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩამოვიდეს კერძო მოწვევით, რომელსაც რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე რუტინულად აფორმებს მიგრაციულ სამსახურში. უპრობლემოდ გაიცემა სასწავლო, საქმიანი, ჰუმანიტარული ვიზები“, — აღნიშნა დიპლომატმა.
ზახაროვას თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათან უმჯობესდება.
„როდესაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოხატა დაინტერესება იმით, რომ რუსეთთან არსებული ურთიერთობები ღრმა კრიზისიდან გამოიყვანოს, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილმა ჩააგდო, ჩვენ მაშინათვე გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი, რომელმაც ყველასათვის ცნობილი პოზიტიური შედეგები მოიტანა“, — განაცხადა ზახაროვამ ტელეარხ „დოჟდის“ ეთერში.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აღორძინდა და გაიზარდა ვაჭრობა, აღდგენილია საავიაციო და მიწისზედა სატრანსპორტო მიმოსვლა, მოხსნილია 2006 წლიდან მოქმედი სავიზო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვითარდება საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო, სპორტული კონტაქტები.
„ურთიერთობების გამოსწორების იმედი… არამარტო უბრალოდ გაჩნდა, არამედ წარმატებით განხორციელდა“, — მიიჩნევს ზახაროვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.