თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალციხეში, სოფელ ხეოთთან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
ადგილობრივების ინფორმაციით, Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი სოფელ ხეოთიდან ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში ამოტრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. მძღოლმა ქვედა კიდურზე მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მანქანაში ასევე იმყოფებოდა 16 წლამდე მოზარდი, რომელიც უვნებელი გადარჩა.
დაშავებული მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.