თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ოთხ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ეკლესიები სოფელ ვაზისუბანში მდებარეობს. ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ვაზისუბნის თამარ მეფის სახელობის (XI-XII სს), „დავითიანის“ (XI-XII სს), წმ.ილიას სახელობის დარბაზულ(შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის სახელობის (XIX სს) ეკლესიებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
„ტაძრებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზნით სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია მერიამ წარადგინა“ — განმარტავენ გურჯაანის მერიაში.
გურჯაანში 145 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი ისტორიული ობიექტია.