თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. დედაქალაქის მერიამ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას და ქალაქის საგადასახადო შემოსავლების გაზრდას ისახავდა მიზნად.
გავრცელებული ინფორმაციით, ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია ხვალ, 20 აპრილს, სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტი თბილისის გარეუბნების განვითარებას შეუწყობს ხელს, რის საფუძველზეც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი.
„კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებსა და უბნებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით შეგვიძლია გარეუბნებში გავიდეთ და ისეთი ადგილები გავაცოცხლოთ, სადაც ჯერ კიდევ ისეთი მდგომარეობა არ არის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა", — განაცხადა კალაძემ.
კალაძემ დედაქალაქის ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელად მუსიკოსი და პროდიუსერი სერგი გვარჯალაძე წარადგინა. როგორც გვარჯალაძემ განაცხადა, ღამის ეკონომიკის გასავითარებლად, მისი მთავარი მოვალეობა სახელმწიფო სტრუქტურების კომერციულ სტრუქტურებთან დაკავშირება იქნება.