კაროლინა პროფესიით ეკონომისტია. მუშაობდა საბანკო სფეროში, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო საკუთარი პროფესიით ვეღარ გააგრძელა მუშაობა. ამიტომ შექმნა ბრენდი Carol's Line და ხელნაკეთი ჩანთების დამზადება დაიწყო.
— განათლებით ვარ ინჟინერ ეკონომისტი. სანამ თბილისში გადმოვიდოდი საცხოვრებლად, ვმუშაობდი საბანკო სფეროში. ამჟამად ვქსოვ ხელნაკეთ ჩანთებს.
- როგორ ისწავლეთ ქსოვა? ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, რამე განსხვავებული მეთოდით ქსოვთ ჩანთებს?
— ქსოვა ბავშვობაში მასწავლა დედამ. ჩანთებს ვქსოვ სადა უზორებით, ტრადიციული ქსოვის მეთოდით.
- როდის და რატომ გადაწყვიტეთ ხელნაკეთი ჩანთების შექმნა?
— თბილისში ჩამოსვლის შემდეგ წავაწყდი ენობრივ ბარიერს. რის გამოც ჩემი პროფესიით მუშაობა არ შემეძლო. ამიტომ უნდა მეფიქრა, თვითდასაქმებაზე, რომ შემოსავლის წყარო მქონოდა. სწორედ ამ დროს ინტერნეტში ვნახე მოქსოვილი ზურგჩანთები, რომელიც ძალიან მომეწონა. იქვე მოვიძიე ინფორმაცია, რისგან და როგორ კეთდებოდა ეს ჩანთები. და ასე დავიწყე ჩემი ნამუშევრების შექმნა.
- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?
— უპირველესად ჩემი მთავარი მიზანი იყო მესწავლა, როგორ შემექმნა ხელნაკეთი ჩანთები. მოვიძიე ქსოვისთვის საჭირო მასალები და ხელსაწყოები. როცა პირველ ჩანთას ვქსოვდი, ძალიან ვღელავდი. არ ვიცოდი, როგორი გამოვიდოდა. გამიმართლა, ჩემი მოქსოვილი ჩანთა პირველი ნახელავის კვალობაზე არ იყო ცუდი. კმაყოფილი ვიყავი ჩემი ნამუშევრით და ამან მომცა სტიმული გამეგრძელებინა ეს საქმიანობა.
- სანამ აქამდე მოხვიდოდით რა სირთულეებს წააწყდით?
— ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა აქამდე რომ მოვსულიყავი. იყო ექსპერიმენტები და შეცდომები. დროთა განმავლობაში ვაუმჯობესებდი ჩემს ნამუშევრებეს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს.
- რამდენად მარტივია ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობა? როგორ „მოაწონეთ“ მათ თავი?
— ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება არ იყო ადვილი. გასათვალისწინებელი იყო ბევრი დეტალი, რომელთა შესახებაც ბევრი რამ არ ვიცოდე. დიდი ხანი არ არის რაც საქართველოში ვცხოვრობ, ამიტომ ბევრი რამ არც ახლაც ვიცი. საქმის წარმოებაში ძალიან დამეხმარა და დღემდე გვერდში მიდგას ჩემი მეუღლე. მან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია გაეცნოთ და მოწონებოდათ მომხმარებლებს. მინდა ვთქვა, რომ ჩემი ჩანთები დიდი მოწონებით სარგებლობს.
- რით გამოირჩევა თქვენი ნაქსოვი ჩანთები სხვებისგან?
— ჩანთებს ვქსოვ უმაღლესი ხარისხის მასალით, რომელიც თბილისში არ იშოვება. მსგავს მასალას იშოვით, მაგრამ არის დაბალი ხარისხის, რომელიც არის გაკეთებული სინთეტიკით და იგზავნება თურქეთიდან. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგვეტანა საზღვარგარეთიდან ხარისხიანი ძაფები, ბევრად უკეთესი ვიდრე თურქული. ჩვენ ძაფებს ვიწერთ რუსეთიდან და ხარისხი ბევად უკეთესია.
- როგორ ფიქრობთ ქალისთვის ჩანთა რამდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია?
— ქალი ხელჩანთის გარეშე წარმოუდგენელია. სადაც არ უნდა წავიდეს, მას აუცილებლად სჭიდება ხელჩანთა. ჩემი ჩანთების უმეტესი ნაწილი არ არის ყოველდღიური. მათ თავისებური სტილი აქვთ. ვთვლი, რომ ქალის გემოვნება გამოხატავს მის ხასიათს და განწყობას. მაგალითად, მშვიდი და მოწესრიგებული გოგონები ირჩევენ სადა და მცირე ზომის ჩანთებს. საქმიანი ქალები ირჩევენ უფრო პრაქტიკულ ხელჩანთებს და ა.შ.
- დღეს რა სტილის, ფერის ჩანთებია მოდური და აქტუალური?
— ყველაზე ხშირად ჩემი მომხმარებლები ირჩევენ შავ, წითელ, მწვანე და ნაცრისფერ ჩანთებს. რაც შეეხება სტილს, ძირითადად ირჩევენ ხელჩანთებს, რომელსაც მე ვეძახი „ზეფირკას“.
- თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენ წამოწყებას?
— ჩემს მეგობრებს და ახლობლებს ძალიან მოსწონთ ჩემი საქმიანობა. მათ სჯერათ, რომ უფრო ბევრის გაკეთება შემიძლია. თუმცა, ჩემი ყველაზი დიდი კრიტიკოსი და გულშეატკივარი მაინც ჩემი საყვარელი მეუღლეა. ის სერიოზულად უდგება ჩემს საქმიანობას და ყოველთვის მამხნევებს.
- ჩანთების გარდა რა ნივთებს ქსოვთ?
— ხელჩანთების გარდა ვქსოვ ქუდებს, კაშნეებს და საბავშვო ნივთებს, მაგრამ ძირითადად მაინც ჩანთებზე ვარ ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მექნება დრო და ყველაფრის ერთად გაკეთებას შევძლებ. ძალიან მინდა სიახლეები შევიტანო ამ საქმიანობაში და მრავალფეროვანი გავხადო ჩემი ნამუშევრები. მომავალში ვგეგმავ გავაგრძელო და განვავითარო ეს საქმიანობა. სურვილი მაქვს გავხსნა საკუთარი მაღაზია, სადაც გაიყიდება არა მარტო ჩემი მოქსოვილი ხელჩანთები, არამედ ხარისხიანი ძაფები, ასევე ქსოვისთვის საჭირო განსხვავებული ხელსაწყოები.