თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო საგანმანათლებლო აქცია „ტოტალურ კარნახში“ მონაწილეობისთვის 50–ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. აქცია 14 აპრილს თბილისში 15 საათზე გაიმართება.
„ტოტალური კარნახი" — ყოველწლიური აქციაა, რომლის მიზანია თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსული ენის ცოდნა და ცოდნის ამაღლების ინტერესი გაუღვიძოს.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია პროექტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ელექტრონული ფოსტის, ან სოციალური ქსელების Вконтакте და Facebook მეშვეობით. შემდეგ უნდა აირჩიოთ თქვენი ქალაქი და შეიყვანოთ სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი.
„ტოტალურ კარნახთან“ ერთად ჩატარდება ტესტი (TruD), რომელიც რუსული ენის შესწავლის მსურველებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო აქციაში.
კარნახს წაიკითხავს საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირის, „რუსსკი კლუბის“ წარმომადგენელი, ფილოლოგი ელენა გალაშევსკაია.
კარნახის უნიკალურ ტექსტებს ცნობილი მწერლები ქმნიან. 2018 წელს წაიკითხავენ ნაწყვეტს გუზელ იახინას რომანიდან Зулейха открывает глаза.
საქართველოში „ტოტალური კარნახის" ჩატარებაში ორგანიზატორებს დახმარებას უწევს საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი". საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო" ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია.
პირველი ტოტალური კარნახი 2004 წელს ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩატარდა. 2008 წლამდე „ტოტალური კარნახის" ტექსტს ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის თანამშრომლები კითხულობდნენ. 15 წლის განმავლობაში აქციამ საყოველთაო მასშტაბი შეიძინა: მისი ორგანიზატორია ფონდი „ტოტალური კარნახი". 2017 წელს პროექტში 71 ქვეყანა ჩაერთო და მან 866 ქალაქში 200 ათასი ადამიანი გააერთიანა.
საქართველო „ტოტალური კარნახის" მსოფლიო აქციას 2014 წელს შეუერთდა.