მთავრობის რეფორმა: რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი

© photo: Sputnikსამთავრობო ადმინისტრაცია
სამთავრობო ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამინისტროებისა და უწყებების რაოდენობის შემცირებამ ჩინოვნიკების დიდი რაოდენობით შემცირება გამოიწვია

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის რეფორმების შედეგად სხვადასხვა სამინისტროდან გაათავისუფლეს 200–ზე მეტი თანამშრომელი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც სამინისტროების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. ამჟამად ქვეყანაში 13 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრია. მანამდე კი 16 სამინისტრო და ორი სახელმწიფო მინისტრი იყო.

ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. ეკონომიკის სამინისტროს ასევე გადაეცა გარემოს დაცვის უწყების ფუნქციებისა და უფლებმოსილებების ნაწილი (ბუნებრივი წიაღისეულის მართვა).

ტრიბუნა - Sputnik საქართველო
განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის პირველ სხდომას მართავს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დანარჩენი ფუნქციები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები გადაეცა ახალ უწყებას – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

ინფორმაციის თანახმად, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გამოითხოვა, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებში ჯამურად 357 საშტატო ერთეული იყო. რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა რაოდენობა 56 ადამიანით შემცირდა. 

უწყებების გაერთიანების შედეგად 80 ადამიანით ნაკლები მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

შემცირება ასევე შეეხო სახელმწიფო მინისტრის აპარატს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, რომლის ფუნქციები საგარეო უწყებას გადაეცა. შედეგად მოხდა 77 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაცია.

რეორგანიზაციის შედეგად გაიყვეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები. ახალგაზრდობის საქმე ჩაიბარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ხოლო სპორტის მიმართულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაეცა, რომელსაც ახლა უკვე კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეწოდება.

ტელეარხის ცნობით, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეორგანიზაციის შედეგების შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგინა. ამ ეტაპზე არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რეფორმების შედეგად ბიუჯეტის რა რაოდენობის სახსრების ეკონომია მოხერხდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0