განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის პირველ სხდომას მართავს

გამოწერა
საქართველოს განახლებულ მთავრობა მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურულ ცვლილების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობს

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ესწრება.

მინისტრთა კაბინეტის წევრები დღევანდელ სხდომაზე სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე იმსჯელებენ. საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შეტანილი.

მთავრობის ადმინისტრაცია - დარბაზი ბრიფინგებისთვის - Sputnik საქართველო
ცვლილებები საქართველოს მთავრობაში: მომხრეები და მოწინააღმდეგეები

საქართველოს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისთვის აუცილებელია პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის შესახებ" კანონში სათანადო ცვლილებები შეიტანოს. შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომაზე მიიღებენ.

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დააანონსა. უწყებების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. უქმდება ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

აღნიშნული სამინისტროების ფუნქციები სხვა სამინისტროებზე გადანაწილდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და დაემატება ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტიც. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდობის საქმითაც დაკავდება, სპორტის საკითხებს კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიხედავს.

მინისტრთა კაბინეტში თანამდებობები ექვსმა მინისტრმა დაკარგა — შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი საგამოძიებო ორგანო შეიქმნება

გარდა ამისა, გაერთიანდა სოფლის მეურნეობისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავდება.

მთავრობის სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრებიან ფინანასთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, და ასევე ახალი სტატუსით დიმიტრი ქუმსიშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის მინისტრი) და გიორგი გახარია (შინაგან საქმეთა მინისტრი).

,,ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას მართვის ხარისხში და შედეგების მიღწევის თვალსაზრისითაც ჩვენ ყველანი ამას დავინახავთ…ვფიქრობ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანონმდებლო უზრუნველყოფის საკითხებიც დღეს გამოგვაქვს მთავრობის სხდომაზე და იმედი მაქვს, რომ დავამტკიცებთ და გადავაგზავნით პარლამენტში", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომაზე.

ამასთან, პრემიერმა ყოფილ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

მღებრიშვილი ახალ სტრუქტურას უხელმძღვანელებს — საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებს გააერთიანებს. ჯეჯელავას დიპლომატიური სამსახური შესთავაზეს.

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0